საქართველოდან გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველად ორ დღეში 55 000 ადამიანი დარეგისტრირდა. რას გვეუბნება ეს რიცხვი? - რომ საქართველოში სამუშაო ადგილი არასაკმარია, რა თქმა უნდა; რომ განუსაზღვრელი მინიმალური ხელფასი მშრომელებს კაბალურ პირობებში აყენებს, რა თქმა უნდა; რომ შეუძლებელია არსებული სახელფასო სიტუაციით მშრომელმა ღირსეულად იცხოვროს, რა თქმა უნდა; რომ მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყანაში, ოჯახიდან შორს, გადახვეწის მძიმე გადაწყვეტილების მიღება არჩევანი კი არა გარდაუვალი მოცემულობაა, რა თქმა უნდა; ეს ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე განაპირობებს ათწლეულების პრობლემას, რომელიც ერთ-ერთ მთავარ საზოგადოებრივ გამოწვევად იქცა საქართველოსთვის. თუმცა შრომით ემიგრაციას სხვა და გაცილებით ღრმა საფუძვლები აქვს, ვიდრე დასახელებული მიზეზებია. ეს საფუძვლები, პირველ რიგში, პოლიტიკური და იდეოლოგიურია.
დღეს ვსაუბრობთ შრომის და ემიგრაციის შესახებ და ვცდილობთ გამოვიკვლიოთ შექმნილი მოცემულობის პოლიტიკური განმაპირობებლები. ჩვენი სტუმარია რევაზ კარანაძე.
ბაკურაუ” გვიყვება ამბავს იმპერიალიზმის შესახებ. ფილმს მემარცხენე გამოცემებმა დიდი ყურადღება დაუთმეს, მიეძღვნა სტატიები და კრიტიკული რეფლექსიები. ეს გასაკვირი არაა, რადგან რეჟისორები ბრაზილიის პოლიტიკაში აქტიურად არიან ჩართულები და გამოირჩევიან საკუთარი მემარცხენე პოზიციით. “ბაკურაუ” ფილმია ფიქციურ სოფელზე, ბრაზილიის ჩრდილოეთის, სერტაოს, რეგიონში, რომელიც ერთ დღეს რუკიდან გაქრება, მეორე დღეს კი მას თეთრკანიანი მონადირეთა ჯგუფის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა. ჯგუფი ბრაზილიაში დასავლეთიდან ჩამოდის და მიზნად აქვს დასახული მოკლას გართობისთვის - ისინი ადამიანებზე ნადირობენ.
სოფელი ბაკურაუ და მისი ისტორია არის თითქოს მოდელირება ისტორიის გლობალური სამხრეთის შესახებ. ამიტომ, როცა ვუყურებთ ამ ფილმს, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს გამოწვევები და ბრძოლები ჩვენს ქვეყნებში, ჩვენს ქალაქებში, ჩვენს სოფლებში, რომლებიც წარმოშვეს შინაარსობრივად მსგავსმა ძალთა ურთიერთობის დინამიკამ. ამ ეპიზოდს ბაკურაუს ვუძღვნით, ჩვენი სტუმარია მარიკო ჭანტურია.
შეტევამ კაპიტოლიუმზე შეძრა ამერიკა და გააკვირვა მსოფლიო. წლების განმავლობაში გაღრმავებულმა უფსკრულმა ამერიკის საზოგადოებაში საბოლოოდ ამოხეთქა როგორც ბლოკბასტერმა, დისტოპიურმა საი-ფაიმ. უფსკრულის გაღრმავების მიზეზი ალბათ ერთადერთია, რაზეც დაპირისპირებული მხარეები თანმხდებიან - ტრამპიზმი. დონალდ ტრამპის ეგოცენტრულმა პოლიტიკამ გახლიჩა საზოგადოება და არამარტო ამერიკაში, ბრაზილიაში, პოლონეთში, იტალიაში და მრავალ სხვა ქვეყანაში, ტრამპის წარმატება აღმოჩნდა ლოკომოტივი მემარჯვენე პოპულისტური ძალების წარმატების. მართალია ერთ ვადაში ტრამპს ორჯერ მოუწყვეს იმპიჩმენტი, თუმცა მაინც შეგვიძლია ვთქვათ რომ ტრამპიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერც ცენტრისტებმა და ვერც მემარცხენეებმა დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს, მიუხედავად იმისა, რომ ანტი-ტრამპ განწყობა ამერიკაში ცენტრსა და მარცხენას შორის დროებითი ალიანსის საფუძველი მაინც იყო.
კაპიტოლიუმის შტურმზე, იმპიჩმენტზე, ინაუგურაციაზე და საერთოდ ტრამპიზმზე, ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია შოთა პაპავა.
2020 წელი იყო პანდემიის და თვითონ ეს წელიც იყო პანდემია. დრო გავა და პანდემია დაგვრჩება როგორც ზედსართავი სახელი, აღმნიშვნელი რაღაცის საშიშის, დაუძლეველის, გარდაუვალის და მოსაბეზრებელის - 2020 წელი ხომ ზუსტად ამ განცდებს იწვევდა სხვადასხვა პერიოდულობით, ან სულაც ყველას ერთდროულად, მთელ მსოფლიოში, სტოკჰოლმიდან სანტიაგომდე. ეს წელი იმდენად დატვირთული იყო მოვლენებით, რომ თავის თავში დაიტევდა მთელ საუკუნეს - კრიზისს მოსდევდა კრიზისი, სახელმწიფო ინსტიტუციები ეცემოდნენ როგორც დომინოს ფიგურები, სახელმწიფოები ეცემოდნენ როგორც დომინოს ფიგურები, მოხდა ბრექსიტი, ამერიკამ დაძლია ტრამპი, საქართველოს ჰქონდა არჩევნები, ჯეფ ბეზოსმა იშოვა იმაზე მეტი ფული ვიდრე ოდესმე ვინმე იშოვის, დავკარგეთ დიეგო მარადონა…
ეს ალბათ ყველაზე რთულად შესაჯამებელი წელია, რაც კი გვახსოვს, თუმცა მაინც შევეცადეთ. სტუმრად ჩვენი პოდკასტის ძველი მეგობარი, დათო ლობჟანიძე მოვიწვიეთ და ვისაუბრეთ იმაზე თუ რა იყო და იმაზეც, თუ რას ველით რომ იქნება.
ზამთარი მოდის და მოაქვს უიმედობა. ქვეყანას რომელიც სოციალური კატასტროფის წინაშე დგას, კაპიტალისტური კლასი გამოწოვს სისხლის ბოლო წვეთსაც კი. სულ ბოლოს აფრიკის დასახლებაში ადამიანები, თბილისის მერიის განკარგულებით, დატოვეს უსახლ-კაროდ და სრულიად დაუცველი პანდემიის ზამთართან. ორხევში ახალგაზრდა კაცს დედამ დილით სთხოვა ხურდა თუ ჰქონდა დარჩენილი რომ წამალი ეყიდა, კაცმა ჯიბეში ხელი ჩაიყო და - სიცარიელე. ამის შემდეგ კაცი იღებს სათამაში ყუმბარას, შედის მიკროსაფინანსოში და ამ გზით ცდილობს მიიქციოს ხალხის ყურადღება მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ყველას გასაგონად განაცხადოს: დ ა ვ ი ღ ა ლ ე თ!
უეჭველია, საქართველო კლასობრივი ჩაგვრისა და შესაბამისად, წინააღმდეგობის ახალ დღის წესრიგს ეცნობა ტელეეკრანებიდან, საგაზეთო განცხადებებიდან, ფეისბუკ ლაივებიდან თუ ქუჩის გრაფიტისგან. მარიამ ვაწაძე აქტიურად მონაწილეობს აფრიკის დასახლების და ლევანის მხარდამჭერ მოძრაობაში, დღეს ის ჩვენი სტუმარია.
მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობა განადგურებით ემუქრება გარემოსა და საცხოვრისს. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ადამიანები დაკარგავენ ბუნებას, სოფელს, სახლებს, საფლავებს. საქართველო კი საპასუხოდ მიიღებს არაფერს, გარდა მორიგი კმაყოფილი ინვესტორისა. კაშხალის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან ხეობაში მცხოვრები ადამიანები, მწვანეები და სხვა მემარცხენე ჯგუფები.
დღეს ნამახვენჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის შესახებ ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმრები ალექსანდრა აროშვილი და გიორგი ფცქიალაძე არიან.
საქართველოს პოლიტიკიდან დიდი ხანია გაქრა ხალხი. ჩვენ გვაქვს ოცდაათწლიანი გამოცდილება ანტიპოლიტიკის, როცა ღირებულებრივი ან იდეოლოგიური მოღვაწეობა გადაფარულია პერსონალური ძალაუფლების ან სიმდიდრისთვის მებრძოლი ჯგუფების ურთიერთქიშპობით. დროსთან ერთად, ეს ქიშპობა ძლიერდება და დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის იზრდება დისტანცია. არჩევნებმა და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა გამოკვეთა ახალი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გაუცხოებას, ანიჰილაციას და მხარეების მიერ ურთიერთდეჰუმანიზაციაზე დგას. პოლარიზაცია იზრდება და არ უჩანს დასასრული, ინტელექტუალური და სამოქალაქო ასპარაზი სრულად არის ოკუპირებული მხოლოდ ორი პარტიის მიერ წარმოებული ნარატივით და არ ტოვებს სივრცეს პოლიტიკური აზროვნებისთვის.
საქართველი არის ღრმა სამოქალაქო და პოლიტიკურ კრიზისში და ამაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. ამ ეპიზოდში ჩვენი სტუმარია თამთა მიქელაზე.
საზოგადოებრივი სივრცე მუდამ არის ბრძოლის მოედანი სოციალურ გამოყენებასა და კარნახის ვერტიკალს შორის. ადამიანებს ყოველთვის ეუბნებიან თუ როგორ მოიქცნენ კონკრეტულ დროსა და ადგილზე, თუმცა ადამიანები, ხშირად ამ კარნახის საპირისპიროდ, ირჩევენ სივრცის გამოყენების საკუთარ გზას. ასე ათვისებული სივრცეები ქმნიან საზოგადოებრივ ქსოვილს, ადგილებს სადაც ერთმანეთს ვხედავთ, ველაპარაკებით, ვეთამაშებით...
ცოტა ხნის წინ მერიამ წარმოადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენებას აპირებს. იპოდრომი თბილისის სოციალური ქსოვილისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი სივრცეა და პროექტის განხორციელების შემთხვევაში ამ სტატუსის დაკარგვის საშიშროება ბევრმა იგრძნო.
ამ ეპიზოდისთვის ჩვენს მეგობრებს, მსმენელებს, მსმენელების მეგობრებს ვთხოვეთ გამოეგზავნათ ხმოვანი გზავნილი მათი სოციალური, კულტურული თუ ემოციური კავშირის შესახებ იპოდრომთან. საბოლოოდ ძალიან საინტერესო კრებული მივიღეთ ზეპირი ისტორიების, რომლებიც კარგად აჩვენებენ იპოდრომის სოციალურ მრავალფეროვნებას და უნიკალურ ნიშას, რომელიც ამ სივრცეს ქალაქის ცხოვრებაში უჭირავს.
პოლინგი არჩევნებისა და წინასაარჩევნო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კომპონენტია, რომელიც ხალხის პარტიულ აფილიაციასა და საარჩევნო განსაზღვრებებს იკვლევს. თუმცა, პოლინგი ატარებს გარკვეულ რისკებსაც, მაგალითად პოლინგზე ზედმეტად დამოკიდებული პოლიტიკური გარემო შესაძლოა ციფრებს აყენებდეს შინაარსზე წინ. თუმცა, ასე თუ ისე, ჯანსაღი და ზუსტი პოლსტერის გარეშე ჯანსაღი ელექტორალური პროცესის წარმოდგენა რთულია. საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისთვის, ორმა მკვლევარმა, დავით სიჭინავამ და რატი შუბლაძემ, შექმნეს pollster.ge, რომელიც აჯამებს აქამდე სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ გამოკითხვებს და გვაძლევს წინასწარ წარმოდგენებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს არჩევნები.
ჩვენი საარჩევნო სერიის მეორე ეპიზოდში დავით სიჭინავას პოლსტერზე, პოლინგზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ კონტექსტზე ვესაუბრებით.
სარჩევი
0:00 - 0:12 pollster.ge
0:12 - 0:25 წინასაარჩვნო გამოკითხვის ტექნიკები და სიზუსტე
0:25 -0:31 ჰოუთორნის ეფექტი და პოლინგი ჰიბრიდულ რეჟიმებში
0:31 - 0:39 საარჩევნო პროგნოზი
0:39 - 0:58 პოლიტიკა, როგორც მონაცემთა ანალიზი, და მისი საფრთხეები
0:58 - 1:17 პოლინგი, როგორც განწყობების ბარომეტრი
“პანდემია” ეტაპობრივად იპოვის ახალ გრამატიკულ განზომილებებს და ჩვენ მას საუბარში გამოვიყენებთ როგორც არსებით სახელს, ზმნას ან ზედსართავ სახელს. პანდემიად ჩვენ დავახასიათებთ მდგომარეობას რომელიც არის საფრთხისშემცველი ყველასთვის ერთბაშად, დამღლელი როგორც პროცესი ლოდინის და მშფოთვარე როგორც ფიქრი მომავალზე გაურკვეველზე. ახლა ამერიკულ პანდემიას ორივე განზომილება აქვს, ჯანმრთელობის და გრამატიკული. ორი კაცი, რომელთა კეთილსინდისიერებასა და უანგარობაში დარწმუნებული არავინაა, ებრძვის ერთმანეთს პრეზიდენტის სავარძლისთვის. ცოტა ხნის წინ გაიმართა პირველი დებატები მათ შორის.
ჩვენი ჯგუფისა და მსმენელის თხოვნით, ჩვენ ვაგრძელებთ ამერიკული პანდემიის გაშუქებას, ჩვენი სტუმარი გიორგი ლოლაშვილია, რომელიც ნიუ-იორკიდან გვერთვება.
პირველი შეკითხვა, რომლითაც ქართულ არჩევნებზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ აუცილებლად არის თუ როგორ მოვედით აქამდე. რა პროცესები იყო ამ ოცდაათი წლის განმსაზღვრელი, რომელიც ქართულ საზოგადოებას მარად ცუდსა და უარესს შორის არჩევანში ამყოფებდა და ამყოფებს ისევ. ასე თუ ისე, ამ არჩევნებს თან ახლავს რამდენიმე ფაქტორი, რის გამოცა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რის გამოც ვაპირებთ საარჩევნო პერიოდი აქტიურად გავაშუქოთ და ამ თემაზე რამდენიმე ეპიზოდი შემოგთავაზოთ.
არჩევნების სერიის პირველი ეპიზოდის სტუმარი გიორგი ღვინჯილია იქნება. მასთან ერთად ვისაუბრებთ საქართველოს სახელმწიფოს დაფუძნებაზე, ბუნტის კულტურაზე, საერთო სახალხო ფრუსტრაციაზე პოლიტიკით და სუპერკაპიტალისტებზე, რომლებიც ყიდულობენ ყველას და ყველაფერს. ეპიზოდის ბოლოს ვცდილობთ მიმოვიხილოთ არჩევნებზე მონაწილე პარტიების მემარცხენე პლატფორმები და ვიმსჯელოთ სტრატეგიებზე თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ სხვადასხვა მემარცხენე ჯგუფებს ამ არჩევნების მიმართ.
სარჩევი:
0:00 - 0:20 როგორ მოვედით 2020 წლის არჩევნებამდე და არის მასში განსაკუთრებული
0:20 - 0:35 ვინ და როგორ აწარმოებს დღევანდელ ქართულ წინასაარჩევნო დღის წესრიგს
0:35 - 0:41 ქართული პოლიტიკა როგორც ბურჟუაზიულ ალიანსთა ფერხული
0:41 - 0:46 ბიძინა ივანიშვილი როგორც სუპერკაპიტალისტი
0:46 - 0:53 ჩიხი, ორგანიზება, ახალგაზრდობა
0:53 - 1:00 თაობათა გადინება და ფრუსტრაცია
1:00 - 1:20 პოლიტიკური პროცესების გამქრალი კლასობრივი სახე
1:20 - 1:47 წინასაარჩევნო პოლიტიკური კომპასი
რევოლუცია პოეტური აქტია და არ არსებობს ნამდვილი პოეზია რევოლუციური მომენტის გარეშე. მაიაკოვსკი რევოლუციონერი პოეტი იყო, გნებავთ პოეტი რევოლუციონერი, ანაც, როგორც ხშირად ეძახიან - რევოლუციის პოეტი. მისი პოეზია საქართველოში დაიბადა და შემდეგ მოვიდა მსოფლიოს მეხად, თუმცა დისკურსმა პოეტი რუსულ იმპერიალიზმს მიაკუთვნა, მის ძეგლს კვერცხები ესროლა და დროის გასვლასთან ერთად ეტაპობრივად ჩამოაშორა ქართული კულტურული ცხოვრების ისტორიას.
მაიაკოვსკიზე სასაუბროდ ზურა რთველიაშვილს ვეწვიეთ, იქ კოკა არჩვაძეც დაგვხვდა და საბოლოოდ ბევრი ვისაუბრეთ პოეტზე, ჭეშმარიტად ქართულ მემარცხენეობაზე, ვარდების რევოლუციაზე და მომავალზე, რომელსაც მარცხენა ფლანგიდან ვხედავთ.
ბელარუსი იპყრობს მსოფლიოს ყურადღებას. ლუკაშენკო აცხადებს რომ ისევ გაიმარჯვა არჩევნებში და მოიპოვა ქვეყნის მართვის უფლება, მას ათასობით ადამიანი არ ეთანხმება და არასამართლიან არჩევნებს ქუჩებში აპროტესტებს. პროტესტს უერთდებიან მშრომელები და ერთვებიან მასობრივ გაფიცვებში. თვითონ ლუკაშენკოს პერსონა იწვევს აზრთა სხვადასხვაობას მარცხენა ფლანგზე. მართალია ლუკაშენკომ არ დაუშვა ველური პრივატიზაცია, რისი მსხვერპლიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნების დიდი ნაწილი გახდა და შეინარჩუნა სოციალური სახელმწიფოს ნაწილი, თუმცა არის ეს საკმარისი მემარცხენე სიმპათიის დასამსახურებლად? ეტატისტი მემარცხენეები შიშობენ პოსტ-ლუკაშენკოს ბელარუსის სწრაფი ნეოლიბერალიზაციის და ანტი-მშრომელთა პოლიტიკების შესახებ, თუმცა განა მოსახლეობისთვის პოლიტიკური უფლებების კატეგორიულად ჩამორთმევა არ ეწინააღმდეგება მემარცხენე იდეას?
ასეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემას ამ ეპიზოდში ვცდილობთ, ასევე ვცდილობთ ვიმსჯელოთ თუ რა შეიძლება ისწავლონ ბელარუსებმა ქართული და უკრაინული გამოცდილებებიდან, რომ თავიდან აიცილონ ქვეყნის დიქტატორის ხელიდან, პირდაპირ ბიზნეს ელიტების ხელში ჩაგდება. ჩვენი სტუმარია დათო ლაღიძე.
სომხეთში დგას რთული და გარდამტეხი პერიოდი: ქვეყანა არის პოსტ-რევოლუციურ მოცემულობაში, ებრძვის ახალი კორონავირუსის რთულ ეპიდსიტუაციას და პარალელურად ჩართულია შეიარაღებულ კონფლიქტში მეზობელ აზერბაიჯანთან. მიუხედავადა იმისა, რომ როგორც ჩვენი სტუმარი ამბობს, ქვეყანაში ყოველთვის არსებობდა და არსებობს მემარცხენე სენტიმენტი, სომხეთს გამოკვეთლად მემარცხენე პარტია აქამდე არ ჰყოლია. ახლა კი, ფაშინიანის რევოლუციაში აქტიურად მონაწილე ახალგაზრდა მემარცხენეების ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა პოლიტიკური გზა დამოუკიდებლად გაეგრძელებინა და არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა.
სომხეთის რევოლუციას ხშირად ვარდების რევოლუციას ადარებენ. “წითელი სამეზობლოს” ახალ ეპიზოდში, ჩვენ ვცდილობთ გამოვიკვლიოთ ამ შედარების საფუძვლები და სომხეთში მემარცხენე მოძრაობის პერსპექტივებზე ვისაუბროთ ჩვენს სტუმართან, ნორო გასპარიანთან, ერთად.
სარჩევი:
1:00 - 9:00 რატომ არ ვიცნობთ ჩვენ სამეზობლოს?
9:00 - 23:00 ვარდების რევოლუცია და ფაშინიანის რევოლუცია
23:00 - 30:00 პოპულარული მემარცხენე სენტიმენტები სომხეთში
30:00 - 37:00 პანდემია და პოსტ-რევოლუციური დღის წესრიგი სომხეთში
37:00 - 42:00 რეგიონული სოლიდარობა პანდემიის ვითარებაში
43:00 - 50:00 სასაზღვრო კრიზისი და ეთნიკური უმცირესობები საქართველოში
50:00 - 1:07:00 საქართველოს როლი კავკასიის გეოპოლიტიკაში
1:07:00 - რეგიონული მემარცხენე ურთიერთობები
ცოტა ხნის წინ თურქეთში შიმშილობის 300 დღიან აქციას ორი ამხანაგი შეეწირა. ორივე გრუფ იორუმის წევრები იყვნენ, მემარცხენე მუსიკალური ჯგუფის, რომელსაც სამი წელია მოღვაწეობის უფლება აქვს შეზღუდული თურქეთში. გრუფ იორუმი ასოცირებულია რევოლუციურ ფრონტთან, არალეგალურ მარქსისტ-ლენინისტურ პარტიასთან თურქეთში და 35 წლიანი ისტორიის განმავლობაში არაეთხელ გამხდარა რეჟიმისგან დევნის მსხვერპლი. თუმცა ჯგუფის წევრები, ისევე როგორც თურქეთის ზოგიერთი მემარცხენე ფრონტი უკომპრომისო ხალხია და მუდამ აგრძელებენ ბრძოლას, თუნდაც ეს უკომპრომისობა სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.
ამ ეპიზოდით ახალ სერიას ვიწყებთ, გვსურს მოვამზადოთ ეპიზოდები ჩვენს სამეზობლოში არსებული მემარცხენე მოძრაობების, მემარცხენეობის ისტორიის და ახლანდელი მდგომარეობის შესახებ. სერიის პირველი ეპიზოდი თურქეთს ეძღვნება, ჩვენი სტუმარია სანდრო ბაკურაძე.