
მაკა ანთიძემ, მრავალწლიანი ჟურნალისტური საქმიანობისას, ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი გააშუქა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. 1990-იან წლებში მუშაობდა მსოფლიოში ცნობილ გამოცემებთან, მათ შორის, სააგენტოებთან - "Associated Press" და "Reuters". 2001 წლიდან ის "Reuters"-ის უფროსი კორესპონდენტი გახდა და ამ სააგენტოს კავკასიის ბიუროს 2020 წლამდე ხელმძღვანელობდა. ახლა, მაკა ანთიძე, დამოუკიდებელი ქართული მედიის, "პროექტი 64"-ის პოდკასტების სერიის - "პირადი საქმის" ავტორია.
"პოლიგონის" პირველი სეზონი მასთან საუბრით დავასრულეთ. ვისაუბრეთ როგორც პოსტსაარჩევნო მოცემულობაზე, ასევე, მკითხველისთვის აქამდე უცნობ ისტორიებზეც, რომელიც ჟურნალისტს ახალი ამბების თითქმის 30-წლიანმა უწყვეტმა გაშუქებამ დაუტოვა.
"პოლიგონი" პროექტ 64-ის პოდკასტების სერიაა და მისი პირველი სეზონი მედიის წარმომადგენლებთან საუბარს დავუთმეთ, რომ მათთან ერთად გაგვეაზრებინა, რა მოცემულობის წინაშე აყენებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" მიერ მიღებული "რუსული კანონი" და პრესის მიმართ გამოხატული რეპრესიული მიდგომები.
"პოლიგონი", მეორე სეზონში, ქართული პოლიტიკის აქტორებთან ისაუბრებს.